English / ქართული / русский /
ხათუნა შალამბერიძე
კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელი და მისი ხარისხის შეფასების მაჩვენებლები

ანოტაცია. საქართველოს საკრედიტო ბაზარი განსხვავდება მსოფლიოს წამყვანი ბაზრებისგან, უპირველესად საკრედიტო ინსტიტუტების განვითარების დონით. ინსტიტუტების განვითარება ამცირებს საკრედიტო რისკის დონეს და ხელს უწყობს სტაბილური და თანმიმდევრული ეკონომიკური ზრდის მიღწევას. საქართველოს საკრედიტო ბაზარზე წარმოდგენილი კომერციული ბანკები და არასაბანკო საკრედიტო ინსტიტუტები გვევლინება ძირითად მოთამაშეებად, რომელთა საკრედიტო პორტფელის ცვლილებებზე ზემოქმედებს როგორც მაკროეკონომიკური ფაქტორები, ასევე ამ ინსტიტუტების მენეჯმენტის ცვლილებები.

საკვანძო სიტყვები: საკრედიტო პორტფელი, ფაქტორები; ხარისხის კრიტერიუმები; ხარისხის შეფასების მაჩვენებლები.

შესავალი

თანამედროვე საკრედიტო სისტემა წარმოადგენს სასესხო კაპიტალის ბაზრის ძირითად ელემენტს, რომელიც მოიცავს საკრედიტო ურთიერთობებს და ამ ურთიერთობებზე აგებული ინსტიტუტების ერთობლიობას, რომელიც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს ფულადი დანაზოგებისა და შემოსავლების აკუმულაციას და მათი კრედიტის სახით განთავსებას ფირმებში, კორპორაციებში, სახელმწიფოსა და მოსახლეობაში.

კომერციული ბანკების მიერ სახსრების აკუმულაციისა და განთავსების ოპერაციების ეკონომიკური საფუძველია ფულადი საშუალებების მოძრაობა, როგორც ობიექტური პროცესი, რომელიც გავლენას ახდენს სასესხო ღირებულებების ფორმირებასა და გამოყენებაზე. ასეთი ოპერაციების დროს კომერციული ბანკი გამოდის, როგორც საწარმო, რომელიც მოზიდული სახსრების მომგებიან განთავსებას ახორციელებს.

 განვითარებული ქვეყნების კომერციული ბანკები ასრულებენ კლიენტების მომსახურების მრავალრიცხოვან ოპერაციებს, რომელთა შორის საყურადღებოა: დეპოზიტური ანგარიშების წარმოება, სესხების უნაღდო გადარიცხვები, სხვადასხვა სახის სესხების გაცემა, ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა, ფასეულობათა სეიფებში შენახვა და სხვა.

კომერციული ბანკების შემოსავლების მიღების ანალიზის კუთხით მნიშვნელოვანია მათი საკრედიტო პორტფელის ხარისხის შეფასება, რომელიც არსებით წარმოდგენას გვაძლევს მათ საქმიანობასა და შესაძლებლობებზე.

კომერციული ბანკის საკრედიტო პორტფელის ცნება მჭიდროდაა დაკავშირებული მის ხარისხთან. კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტები თავისი ხარისხის მიხედვით იყოფა ხუთ კატეგორიად:  I კატეგორია (უმაღლესი) _ აქ განიხილება სტანდარტული სესხები, ისინი საკრედიტო რისკისმატარებელი არ არის; II კატეგორია (არასტანდარტული სესხები), აქ განიხილება ზომიერი საკრედიტო რისკის მატარებელი სესხები; III კატეგორია (საეჭვო სესხები), აქ განიხილება მნიშვნელოვანი საკრედიტო რისკის მატარებელი სესხები; IV კატეგორია (პრობლემური სესხები) აქ განიხილება მაღალი საკრედიტო რისკის მატარებელი სესხები; V კატეგორია (უიმედო სესხები), აქ განიხილება დაბრუნების ალბათობის არმქონე სესხები, როდესაც მსესხებელი უარს ამბობს საკრედიტო ვალდებულების შესრულებაზე.

მთლიანობაში, ხარისხის კატეგორია განეკუთვნება რთულ კატეგორიათა რიცხვს. საკრედიტო პორტფელში აუცილებელია ურთიერთკავშირში იქნეს განხილული სასესხო და მასთან გათანაბრებული დავალიანებები, ასევე აუცილებლად გავითვალისწინოთ ურთიერთკავშირი საკრედიტო პორტფელის ელემენტებს შორის და დავახასიათოთ ახალი ეკონომიკური კატეგორიის პოზიციიდან. ამიტომ, საკრედიტო პორტფელის ხარისხზე საუბრისას არ შეიძლება გავჩერდეთ მხოლოდ საკრედიტო რისკის შეფასებაზე.

თანამედროვე ეკონომიკური კრიზისების დროს საკრედიტო პორტფელის „პრობლემურობა“ გვევლინება პირველ ადგილზე, რადგან საკრედიტო პორტფელის დროული დიაგნოსტიკა გვაძლევს საშუალებას, შევამციროთ პორტფელში ვადაგადაცილებული ამოღების, უიმედო კრედიტთა რაოდენობა და დაბლა დავწიოთ ბანკის შესაძლო დანაკარგები.

ბანკის საკრედიტო აქტივობა კი ახასიათებს ბანკის საკრედიტო პოლიტიკის, მოზიდული და განთავსებული სახსრების დაბალანსებულობის ხარისხს, ხოლო საკრედიტო საქმიანობის ეფექტიანობა გვიჩვენებს ბანკის მიერ გატარებული საკრედიტო პოლიტიკის შემოსავლიანობას და მომგებიანობას, რაც, საბოლოო ჯამში, კომერციული ბანკის საქმიანობის მიზანს წარმოადგენს. 

* * *

კომერციული ბანკის საკრედიტო პოლიტიკის ფორმირებაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომლებიც შეიძლება დავაჯგუფოთ მაკროფაქტორებად და მიკროფაქტორებად. საკრედიტო პოლიტიკაზე მოქმედი მაკროფაქტორები _ ეს ის ფაქტორებია, რომლებზეც კომერციულ ბანკს გავლენის მოხდენა არ შეუძლია:  მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე არსებული მდგომარეობა და მისი განვითარების ტენდენციები;  ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური სიტუაცია;  ქვეყნის ფულადი ბაზრის მდგომარეობა და განვითარების ტენდენციები; კონკურენტი კომერციული ბანკების საკრედიტო პოლიტიკა.

 საკრედიტო პოლიტიკაზე მოქმედ მიკროფაქტორებს განეკუთვნება: ბანკის ფილიალების ქსელის სიდიდე; ბანკის პერსონალის კვალიფიკაცია; პერსონალის უზრუნველყოფა შესაბამისი ტექნოლოგიური და ინფორმაციული საშუალებებით;  ბანკის საპროცენტო პოლიტიკა;  ბანკის რესურსული უზრუნველყოფა. კომერციული ბანკის საკრედიტო პორტფელის ხარისხის შეფასებისთვის აუცილებელია: პორტფელის ანალიზი ეკონომიკის სექტორებისა და ვალუტის ჭრილში, ვადიანობისა და გირაოს მიხედვით; საკრედიტო პორტფელის რისკის დონის შეფასება, ანუ რამდენად ადეკვატურია საკრედიტო პორტფელთან მიმართებაში სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვი; საკრედიტო პორტფელის დივერსიფიკაცია, ვადიანობის ანალიზი და შეფასება; ჩამოწერილი სესხების მოცულობა და მათი ცვლილება შესაბამისი პერიოდის განმავლობაში.

„გამჭვირვალობის წესის“ მიხედვით, კომერციული ბანკების მიერ პერიოდულად სავალდებულო წესით გამოსაქვეყნებელ ინფორმაციაში შედის 18 ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელთაგან ხუთი აქტივების ანალიზის საშუალებას იძლევა. ეს მაჩვენებლები წარმოაჩენს აქტივების სტრუქტურას, მათში ნეგატიურად კლასიფიცირებული სესხების ხარისხსა და მთლიანი სესხების წლიური ზრდის ტემპს. კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელის ხარისხის განსაზღვრისას აუცილებელია ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინება, რადგან თითოეული მათგანი წარმოადგენს კომერციული ბანკის საკრედიტო საქმიანობის სხვადასხვა ასპექტს.

კომერციული ბანკების საქმიანობის ეფექტურობის მაჩვენებელია საბანკო რეიტინგების შეფასების სისტემა, საქართველოში ფორბეს გეორგია-ის, საქართველოს ეროვნული ბანკისა და Ernst & Young-is თანამშრომლობით ფორბეს-ის პერიოდულად ახორციელებს საქართველოს საბანკო სექტორის რეიტინგების შეფასება-გამოქვეყნებას. ბანკების შეფასება 4 ძირითადი ინდიკატორის მიხედვით ხდება:  სრული აქტივები;  გაცემული სესხები; ვალდებულებები და ანაბრები;  კაპიტალი. შეფასებები ეროვნული ბანკისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საჯარო სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით კეთდება.

ბანკის საკრედიტო პორტფელის ქვეშ იგულისხმება: პრობლემურობის, რისკიანობის, საკრედიტო აქტივობის, ეფექტიანობის, ბრუნვადობის და საკრედიტო დაბანდებათა უზრუნველყოფის კომპლექსური ერთობლიობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ყველა ბანკი აწესებს მკაცრ კონტროლს საკრედიტო პორტფელის ხარისხზე. სამწუხაროდ, დღემდე საბანკო საქმის თეორიასა და პრაქტიკაში არ არსებობს ერთიანი მიდგომა. საერთაშორისო პრაქტიკაში საკრედიტო პორტფელის შეფასებისათვის გამოიყენება რეიტინგი, რომელიც დაფუძნებულია აგრეგირებულ მაჩვენებლებზე და მათ მახასიათებლებზე. იგი გვაძლევს საშუალებას, განვახორციელოთ ბანკების რანჟირება მათი საკრედიტო პორტფელის მიხედვით. კომერციული ბანკის საკრედიტო პორტფელის ხარისხის შიდა ანალიზი შესაძლებელია ეფუძნებოდეს ექსპერტულ შეფასებას. უცხოელი მკვლევარები ექსპერიმენტული აზრის ქვეშ გულისხმობენ კვალიფიციურ მოსაზრებას, რომელიც ეფუძნება ექსპერტის ცოდნას და გამოცდილებას.

კომერციული ბანკი საკრედიტო პორტფელის ხარისხის შეფასებისას ეფუძნება (ფინანსურ კოეფიციენტებს) შემდეგ მაჩვენებლებს:

1. კრედიტების ხვედრით წილი ბანკის აქტივების საერთო მოცულობაში, წარმოდგენას გვაძლევს ბანკის საკრედიტო აქტივების მოცულობაზე. საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად წარმოდგენილი მაჩვენებელი თუ აღემატება 65%-ს, ბანკს ეძლევა რეკომენდაცია, გადახედოს საკუთარ საკრედიტო პოლიტიკის, რომელიც რისკის მაღალი დონის მატარებელია;

2. ბანკის საკრედიტო პორტფელის მთლიან მოცულობაში მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სესხების ხვედრითი წილი, ასევე ეკონომიკის ცალკეული სექტორების მიხედვით სესხების მოცულობები ცალკეული სახის კრედიტების მიხედვით;

3. ვადაგადაცილებულ დავალიანებათა რაოდენობა და მისი წილი კრედიტების მთლიან მოცულობაში;

4. ვადაგადაცილებულ დავალიანებათა მოცულობის ზღვრული დონე აქტივებში, რომლებსაც მოაქვთ შემოსავალი და ბანკს შეუძლია იგი დაფაროს საკუთარი წმინდა მოგების და რეზერვების ხარჯზე;

5. მაღალი რისკის მატარებელ საკრედიტო დავალიანებათა დონის მაჩვენებელი. ასეთ დავალიანებას მიეკუთვნება მე-4 და მე-5 ჯგუფის სესხები, ფასიანი ქაღალდები, ფაქტორინგი, ლიზინგი და სხვა;

6. საეჭვო და უიმედო დავალიანებები;

7. სხვადასხვა დარგების მსესხებლებზე გაცემული კრედიტის ხვედრითი წილის თანაფარდობა საკრედიტო პორტფელის მთლიან მოცულობასთან;

8. სასესხო ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლების თანაფარდობა საკუთარ სახსრებთან;

9. სესხებიდან მიღებული ზარალის დასაფარად გამოყოფილი სარეზერვო ფონდის თანაფარდობა საკრედიტო პორტფელის მოცულობასთან;

10. თანაფარდობა „მომუშავე“ და „არამომუშავე“ აქტივებს შორის;

11. ნეტო და ბრუტო აქტივებს შორის თანაფარდობა, რომელიც წარმოდგენას გვაძლევს ბანკის აქტივების რაციონალურ სტრუქტურაზე და მნიშვნელოვნად დამოკიდებულია საკრედიტო პორტფელის ხარისხზე;

12. სხვა კოეფიციენტები.

წარმოდგენილი მაჩვენებლები გვაძლევს საშუალებას, გავაანალიზოთ ბანკის საკრედიტო პოლიტიკა, განვსაზღვროთ საკრედიტო პორტფელის რაციონალური სტრუქტურა, აქტიური ოპერაციების რისკის დონე და მათი ზემოქმედება ბანკის ლიკვიდობაზე, შემოსავლებსა და რენტაბელობაზე. საერთაშორისო პრაქტიკაში საკრედიტო პორტფელის ხარისხის რეიტინგის შეფასების ძირითად მეთოდებს განეკუთვნება ნუმერაციის, ბალების და საინდექსო სისტემები.

 ნუმერაციის სისტემის არსი მდგომარეობს იმაში, რომ რისკის ცალკეული ჯგუფებისთვის განისაზღვრება მაჩვენებელთა ჩამონათვალი, რომლის საფუძველზეც ხდება მათზე საკრედიტო პორტფელის კონკრეტული ელემენტის მიკუთვნება. ნუმერაციული სისტემის შესწავლისას უნდა აღვნიშნოთ, რომ იგი ძირითადად აგებულია ექსპერტულ აზრზე, რომელიც ძალიან ძნელია გამოვხატოთ რაოდენობრივად, რამდენადაც სუბიექტური იქნება აღნიშნული სისტემა, მით მეტი შეცდომა იქნება დაშვებული საკრედიტო პორტფელის ხარისხის შეფასებისას.

უფრო რთული მეთოდიკის ფარგლებში რეიტინგის აგებისთვის გამოიყენება შეფასების ბალური სისტემა, რომელიც იძლევა საშუალებას, შევაფასოთ ცალკე აღებული სესხი ბალებში და მივანიჭოთ თითოეულს შეფასების მაჩვენებელი. ბალური შეფასების სისტემის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ იგი ატარებს ინდივიდუალურ ხასიათს და შემუშავდება ბანკის, კლიენტისა და საკანონმდებლო ბაზის თავისებურებიდან გამომდინარე. მის უარყოფით მხარეს  წარმოადგენს ცუდი ადაპტაცია ცალკეული კატეგორიის სესხების და მსესხებლის მიმართ. მსესხებლებისგან ინფორმაციის საიმედოობის სირთულე და ა.შ.

ზემოთ აღნიშნულ სისტემებთან ერთად, მსოფლიო საბანკო რეიტინგების სისტემის პრაქტიკაში გამოიყენება რეიტინგების ინდექსური მეთოდი, რომლის გამოყენებისას ინდექსის გამოთვლა წარმოებს მსესხებლის ფინანსური მდგომარეობის თითოეული მაჩვენებლის მიხედვით. გაანგარიშება აწარმოებს საბაზრო მაჩვენებლებზე დაყრდრობით ან გასაშუალებული მაჩვენებლების გამოყენებით, დინამიკაში რამდენიმე წლის განმავლობაში ცალკეული მაჩვენებელების ინდექსების გამოთვლის შემდეგ გადადიან კომბინირებული ინდექსების გამოთვლაზე.

კომერციული ბანკები საკრედიტო პორტფელის ხარისხის განსაზღვრისთვის იყენებენ საკრედიტო რეიტინგებს, რომლებიც დგინდება წამყვანი სარეიტინგო კომპანიების მიერ, მაგალითად “Standard&Poor‟s”, “Fitch IBCA”, “Moody‟s Investors Servise”. თითოეული სააგენტო ყველა მნიშვნელოვანი საბაზრო ფაქტორის მუდმივ მონიტორინგს ახორიციელებს. ასევე, ეკონომიკური და პოლიტიკური მონაცემების შეგროვებას და მათი ანალიზის საფუძველზე ანიჭებს რეიტინგს (ოფიციალური საიტი სააგენტო „Standard&Poor‟s“. www.stadardpoors.com). საკრედიტო რეიტინგი ხშირად გამოიყენება ბანკებისა და სხვა საფინანსო შუამავლების მიერ დაკრედიტების დროს გადაწყვეტილების მისაღებად.

ფინანსური გლობალიზაციისა და საბანკო საქმის ინტერნაციონალიზაციის შეუქცევადმა პროცესებმა დღის წესრიგში დააყენა საბანკო ზედამხედველობის ერთიანი პრინციპების საერთაშორისო დონეზე უნიფიცირების საკითხი. ამ მიზნით 1974 წელს შეიქმნა „საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტი“. ბაზელის კომიტეტის ძალისხმევა მიმართულია საბანკო ზედამხედველობის ხარისხის ამაღლებისაკენ, უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცვლას ცენტრალურ ბანკებს შორის. საზედამხედველო საკითხებთან დაკავშირებით ბაზელის კომიტეტმა მიიღო ცნობილი დოკუმენტები: `ეფექტიანი ზედამხედველობის ძირითადი პრინციპები“, „ბაზელ-ჳ“ ითვალისწინებს თითეული ბანკისთვის საკრედიტო რისკის შეფასების შიდა რეიტინგების მოდელის გამოყენებას, რეიტინგების სისტემა კი უნდა აკმაყოფილებდეს რეგულატორების მოთხოვნებს. საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტი რეგულარულად ახორციელებს საზედამხედველო მოთხოვნების გადასინჯვას კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელის, საკრედიტო რისკების, რეზერვების შექმნას სიდიდის და მოცულობის მიმართ. „ბაზელ-II“-ის შესაბამისი ფინანსური მაჩვენებლები განსაზღვრულია ბაზელის კომიტეტის დირექტივებში საბანკო ზედამხედველობის შესახებ, რომელიც საკრედიტო რისკის შეფასების სამი მიდგომიდან ერთ-ერთის შერჩევის შესაძლებლობას იძლევა: – სტანდარტიზებული მიდგომა _ საკრედიტო რისკის გაზომვა სარეიტინგო აგენტების საგარეო შეფასების საფუძველზე, რისკების განაწილება აქტივების კატეგორიების შესაბამისად ბაზელ II-ში, ყველაზე მარტივი მეთოდებით კაპიტალის გაანგარიშებას; – საბაზო მიდგომა შიდა რეიტინგების მიხედვით – IRB Foundation: საბაზო მიდგომისას ბანკებს შეუძლიათ დამოუკიდებლად გამოავლინონ დეფოლტის ალბათობა, რისკის დანარჩენი კომპონენტების შეფასების გამოყენებით; – წინ წაწეული მიდგომა შიდა რეიტინგების საფუძველზე – IRB Advanced: ბანკებს მინიჭებული აქვთ უფლება, დამოუკიდებლად შეაფასონ რისკის ყველა კომპონენტი: დეფოლტის ალბათობა, დანაკარგების ხვედრითი წილი კონტრაგენტის დეფოლტისას. 

დასკვნა

კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელის ხარისხის ანალიზისას გაირკვა რომ ამ პროცესის მართვაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს. კომერციული ბანკებიც საკრედიტო პორტფელის ხარისხის განსაზღვრისთვის იყენებენ საკრედიტო ხარისხის შეფასების  სხვადასხვა მეთოდებს. მათან შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე მათგანი, რომლებიც გამოიყენება ბანკებისა და სხვა საფინანსო შუამავლების მიერ დაკრედიტების დროს გადაწყვეტილების მისაღებად.

საკრედიტო პორტფელში აუცილებელია ურთიერთკავშირში იქნეს განხილული სასესხო და მასთან გათანაბრებული დავალიანებები, ასევე აუცილებლად გავითვალისწინოთ ურთიერთკავშირი საკრედიტო პორტფელის ელემენტებს შორის და დავახასიათოთ ახალი ეკონომიკური კატეგორიის პოზიციიდან;

თანამედროვე ეკონომიკური კრიზისების დროს საკრედიტო პორტფელის „პრობლემურობა“ გვევლინება პირველ ადგილზე, რადგან საკრედიტო პორტფელის დროული დიაგნოსტიკა გვაძლევს საშუალებას, შევამციროთ პორტფელში ვადაგადაცილებული ამოღების უიმედო კრედიტთა რაოდენობა და დაბლა დავწიოთ ბანკის შესაძლო დანაკარგები;

კომერციული ბანკის საკრედიტო პოლიტიკის ფორმირებაზე მოქმედი ფაქტორების  დაჯგუფება  მიკროფაქტორებად და მაკროფაქტორებად;

 კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელის ხარისხის განსაზღვრისას აუცილებელია კრიტერიუმების გათვალისწინება, რადგან თითოეული მათგანი კომერციული ბანკის საკრედიტო საქმიანობის სხვადასხვა ასპექტს წარმოადგენს;

კომერციული ბანკების საქმიანობის ეფექტურობის მაჩვენებელია საბანკო რეიტინგების შეფასების სისტემა, საქართველოში ფორბეს გეორგია-ის, საქართველოს ეროვნული ბანკისა და Ernst & Young-ის თანამშრომლობით ფორბეს-ის პერიოდულად ახორციელებს საქართველოს საბანკო სექტორის რეიტინგების შეფასება-გამოქვეყნებას.

ამრიგად, წარმოდგენილი მაჩვენებლები გვაძლევს საშუალებას, გავაანალიზოთ ბანკის საკრედიტო პოლიტიკა, განვსაზღვროთ საკრედიტო პორტფელის რაციონალური სტრუქტურა, აქტიური ოპერაციების რისკის დონე და მათი ზემოქმედება ბანკის ლიკვიდობაზე, შემოსავლებსა და რენტაბელობაზე. 

გამოყენებული ლიტერატურა

1. ბარბაქაძე ხ., საბანკო საქმიანობის რეგულირების აქტუალური საკითხები საქართველოში, თბ., 2016.

2. ბერიძე რ., საბანკო მენეჯმენტი, თბ., 2009.

3. ბალცეროვიჩი ლ., სახელმწიფო გარდამავალ პერიოდში, თბ., 2002.

4. გოგოხია მ., საბანკო საქმე, თბ., 2007 წ.

5. კოვზანაძე ი., კონტრიძე გ., თანამედროვე საბანკო საქმე: თეორია და პრაქტიკა, თბ., 2014.

6  ქოქიაური ლ., საბანკო საქმის საფუძვლები, თბ., 2014.